12 დაპირება, რომელიც მთავრობამ ქუთაისელებს არ შეუსრულა – გამოფენა მერიის წინ

752

ქუთაისში მერიის შენობის წინ გამოფენა გაიმართა. გამოფენის ავტორმა და ორგანიზატორმა სამოქალაქო აქტივისტმა, მიშა მუმლაძემ ქალაქის ცენტრალურ ბაღში 12 სურათი განათავსა, სადაც ის 12 შეპირება და პროექტია ასახული, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ქუთაისში აპირებდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ამ პროექტებს საერთო კი ის აქვთ, რომ ყველა მასშტაბურია და არც ერთი არ შესრულებულა.

“ქუთაისი ქალაქია დიდი პასუხისმგებლობით, არამარტო ქართველი ხალხის, არამედ შეიძლება ითქვას მსოფლიოს წინაშეც. 2 ოქტომბერს, ხვალ არჩევნებია, ვფიქრობ დროა ამ ქალაქმა მისი გაბრაზებული სიტყვა თქვას, ბევრი წლები რომ წაართვეს და ასე საშინლად ექცევიან. გუშინ მერიის წინ ფოტოგამოფენა გავაკეთე. ესაა პროექტები, ყველა არჩევნების წინ რომ გვპირდებიან და სამწუხაროდ, ჯერ არ გაკეთებულა. 12-ივე პროექტზე აქვთ მიზეზი და ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ გააკეთეს, ეგ არაფერი სტალინის დახვრეტილებსაც რაღაც მიზეზით უსჯიდნენ სიკვდილს.გავა წლები და მომავალი თაობა ძალიან დიდი საყვედურს გვეტყვის, ამდენს რატომ ვპატიობდით მთავრობებს. ესენი მხოლოდ ქუთაისში გაცემული დაპირებებია, თან ოფიციალური განცხადებები, წარმოიდგინეთ სხვა ქალაქებში რა მდგომარეობაა”, – აღნიშნავს მიშა მუმლაძე.

ავტორის თქმით, გამოფენა ქუთაისის სხვადასხვა უბანში გადაინაცვლებს.

მისივე განმარტებით, გამოფენის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და ხალხს ატყუებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება 2012 წელს მოვიდა. იმ დროისთვის ქუთაისში პარლამენტი და კიდევ ოთხი სამთავრობო უწყება იყო გადატანილი. თუმცა “ოცნებამ” ყველა  უწყება თბილისში დააბრუნა.