„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ დღეს გასაჯაროებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროვოკაცია თავად ოპოზიციური პარტიის მიერაა მოწყობილი, რადგან, კადრებში ასახული პირები „ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არიან. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„მათ მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან არც ქართული ოცნების წევრები, მეტიც არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც სხვა რაიმე სახის საარჩევნო საქმიანობაში. პროვოკაციის ავტორი თავად ნაციონალური მოძრაობაა, რომელსაც ბელადისგან აქვს დავალება მიღებული რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და პროვოკაცია შექმნან ყველგან. თუმცა არ გამოსდით, რადგან მათი ხერხები ამომრჩევლისთვის ცნობილია“, – აცხადებენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში.
ინფორმაციისთვის, ენმ-ის საარჩევნო შტაბში დღეს ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინეს, სადაც, ოპოზიციის მტკიცებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ინციდენტია ასახული. ენმ-ის მტკიცებით, პროცესში მსახიობი მერაბ კაკალიაცაა ჩართული.
ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი, ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.