ღვინის ეზო N1 – ყვარელში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

1758

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი ტურისტული ობიექტი “ღვინის ეზო N1” გაიხსნა. 

იგი აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს, სახლს, თონესა და არყის სახდელს. ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელის, თიკა დუღაშვილის ინფორმაციით, ღვინის ეზო N1 წარმოადგენს სოციალური ტურიზმის ობიექტს, სადაც შესაძლებელია ადგილზე წარმოებული რამდენიმე სახეობის ქვევრის ღვინისა და არყის დეგუსტაცია და კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
,,აღნიშნული იდეა პირველად მე მომივიდა და ჩემი ოჯახის წევრებს გავუზიარე. იმის გამო, რომ პაპა წლების განმავლობაში ღვინის ქარხანაში მუშაობდა და გამორჩეულ ღვინოს და არაყს აყენებდა, მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი დარგი იყო. ოჯახის წევრების დახმარებით ეს იდეა განვახორცელე. აქ მოსულ ტურისტს ვაჩვენებთ, როგორია ერთი ქართული, კახური, ტრადიციული ოჯახი და გვიხარია, რომ მათ ეს ძალიან მოსწონთ. ჩვენთან მოსულ სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ ნახონ უძველესი ქართული ნივთები, გაიარონ მასტერკლასი და შემდეგ, საკუთარი ხელით გამოაცხონ თონეში პური, ამოავლონ ჩურჩხელა, ნახონ, როგორ იხდება ზაოტზე არაყი, როგორ იწვება წალამზე მწვადი და სხვა. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლებიც მოინახულონ, მოუსმინონ სოფლის ქართული–ხალხური ცეკვის და სიმღერის გუნდს და სხვა. ღვინის ეზომ სულ ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება და მას უკვე უამრავი სტუმარი ჰყავს მოსკოვიდან, ყაზახეთიდან, კიევიდან და სხვა ქვეყნებიდან,”– განუცხადა knews.ge-ს თიკა დუღაშვილმა.
“ღვინის ეზო N1”, სამომავლოდ, ტურისტებისთვის სასტუმრო ოთახების მოწყობას და სეზონური სერვისების დამატებასაც გეგმავს.

წყარო: მედია ცენტრი კახეთი

ფოტო: მედია ცენტრი კახეთი