საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცენტრალური სკვერისა და დასასვენებელი პარკის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სპორტული მოედნის მშენებლობა.
პარკში განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები. პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. გურჯაანის განახლებული პარკი დაიბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება.
გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის დასკვნით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.
გურჯაანის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია „ენ სი სი“ ასრულებს.