გლდანში, მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

574

გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.

საბავშვო ბაღი რვაჯგუფიანია და 230 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, N104 ბაგა-ბაღი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაგბის მინი სტადიონი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და მინი ავტოქალაქი.

მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღები თბილისში, ბოლო რამდენიმე წელია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. დაკმაყოფილებულია ყველა ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტი, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისა და სწორი განვითარებისათვის არის დადგენილი. ამჟამად, დედაქალაქში 188 ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, მიმდინარეობს ცხრა ახალი ბაღის მშენებლობა და ორი ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია.