გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.
დეკანოიძე წინასაარჩევნოდ სისხლიანი ბანერების გაკვრას აპროტესტებს და კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად დეტალები, რომელიც გაწერილია საარჩევნო კოდექსით.
მინდა, მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ კომისიამ დაუყონებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და ზოგადად იმას, რომ საარჩევნო-სააგიტაციო მასალა არ შეიძლება ძალადობას შეიცავდეს, მაშინ ჩვენ, ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის “ქართულ ოცნებასთან” შეზრდილი დეპარტამენტი”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
მან ასევე რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. კერძოდ, სისხლიან ბანერებს ადგილობრივებმა და აქტივისტებმა ახალი ბანერი წარწერით – “მოდი რეფერენდუმზე” გადააფარეს, თუმცა ის საპატრულო პოლიციისა და მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ზიზღის ბანერების განთავსებაში სახელმწიფო მუნიციპალიტეტების მერიებიც ჩართული არიან.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.
“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს – აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, “სუფთა ტექნიკური მხარეა”.
კომპანია “ალმამ” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და მოუწოდეს კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.