პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს ბანერებს, რაც არის გამოფენილი – მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში: “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას” და მესამე იყო “არა ღალატს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, მთლიანობაში ის შინაარსი, რაც გამოსახულია, მისაღები არ არის.
„ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ეს სამივე სლოგანი პირდაპირ უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გამოსახული ბილბორდებზე, ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ესენი არიან სისხლიანი წარსულის მქონე ადამიანები. ამის მიუხედავად ჩვენთვის არ არის მისაღები მთლიანობაში ის შინაარსი, რომელიც არის გამოსახული ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი არჩევანია ის, რომ ვესაუბროთ პოზიტივზე საზოგადოებას და თქვენ იცით , რომ ჩვენი ლიდერები ყოველდღიურად საუბრობენ მომავალზე და არა წარსულზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.
“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს – აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, “სუფთა ტექნიკური მხარეა”.
კომპანია “ალმამ” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და მოუწოდეს კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.