“შეწყდეს თვითმმართველი ქალაქის დაკნინება”- ამ შინაარსის პლაკატით სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საჯარო მოხელეებთან გასაუბრების პროცესს აპროტესტებდა.
უკვე მეორე დღეა, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ყოფილ თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში საჯარო მოხელეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. შვიდკაციან კომისიას თელავის შემოსავლების სამსახურის უფროსი, კახა ყიფიანი ხელმძღვანელობს.
მჭედლიშვილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თელავის შემოსავლების სამსახურის უფროსს, კახა ყიფიანს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან შეხების უფლება არ აქვს. მჭედლიშვილი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი გამგეობასა და მერიაში თანამშრომლების შემცირებას გამოიწვევს.
არჩილ მჭედლიშვილი თელავის სათემო მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ქალაქის და თემის გაერთიანების გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა. მანვე, თანამოაზრეებთან ერთად, თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინა“. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამიტომაც მჭედლიშვილი და მისი თანამოაზრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, თუ უნდათ, რომ ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტინზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.
არჩილ მჭედლიშვილი ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდა. მან, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას საჯაროდ გამოხატა და ხელისუფლებას მოსთხოვა, “ხელი არ დაედოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსისთვის, რადგან ამ სისტემამ გაამართლა”.
მჭედლიშვილი, ასევე, აქტიურობდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც საკრებულოს წევრებმა თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.