DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა

338

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“(DRI) ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინტიტუტში“ აღნიშნავენ, ორგანიზაციამ წერილი უკვე გაუგზავნა ოთხ საპარლამენტო ფრაქციას: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

„გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ტელეარხებზე გასული სიუჟეტების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ მოსმენებსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებს.

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, DRI-ის, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.