ოპოზიცია: ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს უკანონოდ აშენებენ

359
ბათუმი

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე,  მრავალსართულიანი კორპუსების მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კითხვები აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დღეს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

გიორგი კირთაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთში სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ნებართვა 2011 წელს გაიცა. დღეს კი განსხვავებული იერსახის ობიექტი შენდება.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის განმარტებით, მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე არ ჰქონდა და სამუშაოებს შეაჩერებენ.

“2011 წელს ამ მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა პირობით. ავტოსადგურის პარალელურად, აქ უნდა აშენებულიყო თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. ახლა ყველანი კარგად ვხედავთ, რომ თანამედროვე სავაჭრო ცენტრი კი არა, რაღაც გაუგებარი ყაზარმები შენდება, რომლის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. ქალაქის შუაგულში 7 თუ 8 ყაზარმა ისე აშენდა, რომ ბათუმის მერიამ არაფერი იცის. ახლა გვეუბნება მუნიციპალური ინსპექციის სამსახური, რომ ნებართვა არ გვქონია გაცემული, მოვალთ და მშენებლობას შევაჩერებთო.

მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს საფრთხეს უქმნის ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არ შეიძლება ასე, ინფორმაციის მიწოდების გარეშე მსგავსი ტიპის პროექტები განახორციელოს ივანიშვილის დავალებით ვიღაცეებმა. არ ვიცით რა ჯგუფია შემოსული და რის გაკეთებას გეგმავს, ეს ყველაფერი მოქალაქეთა ზურგს უკან, გასაიდუმლებულად ხდება. რაღაც გასაიდუმლოებული ყაზარმები შენდება ქალაქის შუაგულში”- აცხადებს გიორგი კირთაძე.

გოგოლის ქუჩაზე, სამშენებლო მოედანთან არ არის გამოკრული ბანერი, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მშენებლობის ვადები და ობიექტის პროექტი.

ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, არავინ იცის რა შენდება ქალაქის ცენტრში.

”ეს გახლავთ კლასიკური ნიმუში ფარულ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებების, რომელშიც მოქალაქეები ჩართულები არ არიან. ინფორმაციაც კი არ აქვთ რა შენდება. 2011 წელს არის ნებართვა გაცემული, ის ნებართვა არის დარღვეული. ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ ვიცით რა  მშენებლობასთან გვაქვს საქმე, რა დაწესებულება შენდება, რა ფუნქცია ექნება. აქ უნდა ყოფილიყო თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, თუმცა ახლა ვღებულობთ ბნელით მოცულ უზარმაზარ მშენებლობას,” – ამბობს კალოიანი.

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას და მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა. კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მაუწყებელმა გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ობიექტზე უსაფრთხოებას აკონტროლებს, ამბობს რომ წესებს იცავენ. მისივე ინფორმაციით, გოგოლის ქუჩაზე ისინი საცხოვრებელ სახლებს აშენებენ.