„ნაციონალური მოძრაობა“ ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს და ამ ფაქტების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მოსახლეობას ამანათებს ურიგებენ და არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას სთხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ამანათებში მოთავსებულია საკვები პროდუქტები.
„საზოგადოებას შევპირდით, ჩვენ გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის და მათ შორის, საარჩევნო მძიმე დარღვევების გამოაშკარავებას. ყველა ეს დარღვევა რომელიც არის თვალნათელი და ძალიან მძიმე, გადაეგზავნება და ეცნობება საერთაშორისო მისიებს. ეს დარღვევები, რა თქმა უნდა, იქნება ყველა ადამიანისთვის თვალსაჩინო. თქვენ ხედავთ კადრში, როგორ იყენებს ზესტაფონის მერია დასუფთავების სამსახურის მთელ ადმინისტრაციულ რესურს და ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას. ეს არის დასუფთავების სამსახურის უფროსი ოლეგ შველიძე. მივმართავ ყველას შესაბამის უწყებას, ჰქონდეს ამ დარღვევებზე რეაგირება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.