ცოლი, შვილი, ნათესავი, ახლო მეგობარი – ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის მამათის #11 საარჩევნო უბანზე ამავე სოფელში მერის წარმომადგენელმა გელა პატიეშვილმა დაასაქმა. როგორც ირკვევა “ქართული ოცნების” დავალებით. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
გამოცემის ცნობით, ფაქტები ცხადყოფს, რომ ამ ყველაფერში საოლქო საარჩევნო კომისიაც მონაწილეობს, რადგან პატიეშვილის ცოლი ნატო ხელაძე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში მდივანია, სწორედ ოლქის მიერაა დანიშნული, როგორც დამოუკიდებელი წევრი, თუმცა, მმართველი გუნდის მხარდამჭერია.
ხელაძის ინფორმაციით, მისი შვილი, ლანა პატიეშვილი კომისიაში “გირჩს” წარმოადგენს. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, რუსუდან მეგრელიშვილს, რომელიც ასევე ოლქის მიერ დანიშნული კადრია და ამავე დროს მერის წარმომადგენლის ნათესავი, ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია.
საკუთარი ოჯახის წევრების კომისიაში დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს გელა პატიეშვილი. მერის წარმომადგენლის თქმით, მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი ოჯახის წევრების საქმიანობაში არ ერევა.
ის, რაც ოცნების წარმომადგენლებს პრობლემად არ მიაჩნიათ, დანაშაულია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ ფორმით ლანჩხუთის #11 კომისია არ უნდა არსებობდეს:
“ეს არის დანაშაული და ეს დანაშაული არავის შერჩება. ამ ფორმით კომისია ვერ იმუშავებს. რწმუნებულმა მთელი ოჯახი დაასაქმა და ოლქმა ხელი შეუწყო. ე.წ. ნეიტრალურ წევრებად დანიშნა ხალხი, რომლებიც არც კი მალავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ,” – ამბობს ხაბეიშვილი, რომელმაც შესაბამისი საჩივრით უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც ამ დრომდე არ აქვთ პასუხები კითხვებზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ქართული მხარდამჭერები ე.წ. ნეიტრალურ წევრებად დანიშნულნი და როგორ მოხვდნენ ერთ საარჩევნო უბანზე მერის წარმომადგენლის ოჯახის წევრები.
ლანჩხუთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის განცხადებით, ამ თემას აუცილებლად მოიკითხავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
რეაგირებას ოპოზიციის წარმომადგენლების პროკურატურიდანაც ელოდებიან, რადგან მათი თქმით ეს სისხლის სამართლის დანაშაულია:
“ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ოცნება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რასაც არ დავუშვებთ. ვპირდებით მმართველ გუნდს, რომ არამარტო ამ სოფელში, არამედ ყველგან დავიცავთ ხმებს და არავის მივცემთ გაყალბების საშუალებას, ” – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ.
აღნიშნულ ფაქტს დარღვევად აფასებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც:
“ნეიტრალური წევრი, რომელსაც კომისია ნიშნავს, არ უნდა გამოხატავდეს რომელიმე პარტიის მიმართ სიმპათიას. ეს დარღვევაა და შესაბამისი რეაგირება საოლქოს მხრიდან უნდა მოჰყვეს,” – აღნიშნა საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.