ახალქალაქში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სავარაუდო ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ

346

ახალქალაქში წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიებიდან წასვლის შესახებ განცხადება შვიდმა კანდიდატმა დაწერა, მათი ნაწილი პროპორციულ, ნაწილი კი მაჟორიტარულ სიაში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერები ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ, კანდიდატების ნაწილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კანდიდატობის მოხსნაზე განცხადება ხუთმა პირმა დაწერა, გიორგი გახარიას და „ლელოს“ პარტიებიდან კი თოთო–თოთომ.  საბოლოოდ, შვიდიდან ოთხმა გადაწყვეტილება შეიცვალა და პარტიაში დარჩა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვალიკო ქოჩოიანის თქმით, კანდიდატობაზე უარი, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მხითარ მურადიანის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად თქვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ისევ პარტიაში დარჩა.

„სოფელ ბურნაშეთში „ქართული ოცნების“ კომისიის წევრმა, მხითარ მურადიანმა მითხრა, რომ თუ პარტიას არ დატოვებ, შენი მეუღლე სამსახურს დაკარგავსო, მეც გავბრაზდი და დავწერე განცხადება. ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს მასწავლებლად. სხვას არავის არაფერი არ უთქვამს. ახლა ისევ გავწევრიანდი პარტიაში“, – აცხადებს ენმ-ს წევრი ვალიკო ქოჩოიანი. [რედაქცია მხითარ მურადიანთან დაკავშირებას ცდილობს].

მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს ამავე პარტიის წევრი, ინგა მაისურაძე, რომელიც ახალქალაქის სერვის ცენტრში, დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მისი თქმით, პარტიის დატოვება ცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა მოსთხოვა.

„ეტყობა დირექტორამდე ვიღაცამ მიიტანა ჩემი პარტიაში გაწევრიანების ინფორმაცია. დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა დამიბარა და მითხრა, რომ ეს არის ჩემთვის დამაზარალებელი, თუ გინდა დარჩი მაგ პარტიაშიო, მაგრამ შენს თავს აყენებ ზარალსო და შენ საქმეს წაადგება ცუდადო. გამაგებინა, რომ სამსახურს დავკარგავ, მეუბნებოდა, წამოდი ხელი მოაწერე, უარი თქვი პარტიაზეო. მაგრამ მე ვუთხარი არა, რადგან შევედი ამ პარტიაში ბოლომდე გავიტან–მეთქი“, – ამბობს ინგა მაისურაძე.

ბიჩახჩიანმა “სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, სამსახურში კი არ დაგვხვდა.

ენმ-ს ყოფილი წევრი ცისანა მიქელაძე ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა არავის განუხორციელებია, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

„ყველაფერი ტყუილია, არაფერი ეგეთი არ ყოფილა, ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე პარტია. კაფეში ვმუშაობ, ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მაგრამ ახლა დავტოვე.  ჩემს მეუღლეს არ უნდოდა რომ მემუშავა და მაგიტომ. არც ერთ ჟურნალისტთან არ მისაუბრია, ტყუილები დაწერეს ჩემი სახელი და გვარით, თვითონ ეგრე აწყობდათ და ასე გაავრცელეს. ჩემი სახელით ილაპარაკეს, მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს“, – ამბობს ცისანა.

სიცრუის გავრცელებაში მელიქ რაისიანს ადანაშაულებს ზოპუნიანების ოჯახიც, მათი თქმით ვალოდია ზოპუნიანი პარტიაში მერობის კანდიდატმა ნასვამ მდგომარეობაში გააწევრიანა.

„მელიქ რაისიანმა დაალევინა, მთვრალ, არაადეკვატურ მდგომარეობაში გააწევრიანა პარტიაში. მე ძალოვან უწყებაში დამლაგებლად ვმუშაობ, ჩემი რძალი კი თუმანიანის სახელობის სკოლაში მასწავლებელია. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ამდენი წლის განმავლობაში, არ ყოფილხარ არც ერთ პარტიაში და ახლა 71 წლის ასაკში, არ დაიწყო პოლიტიკოსობა–მეთქი, ამიტომ დაწერა განცხადება და წამოვიდა. მოგვიანებით, ისევ ნასვამ მდგომარეობაში წაიყვანეს და პარტიაში გაწევრიანებისთვის მორიგი განცხადება დააწერინეს, ახლაც პარტიის წევრია“, – აცხადებს ვალოდია ზოპუნიანის მეუღლე ზანან ზოპუნიანი და ამატებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ცრუ ინფორმაციას მელიქ რაისიანი ავრცელებს: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენი სახელებით ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს, ჩვენთან არცერთი ჟურნალისტი არ მოსულა. ტყუილებს რატომ ავრცელებენ? დაშინება და ზეწოლა არის მელიქ რაისიანის მხრიდან“, – ამბობს ზანან ზოპუიანი.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა ვალოდია ზოპუნიანთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

ენმ-ს დატოვებას პირად პრობლემებს უკავშირებს ახალქალაქელი ქნქუშ არზუმანიანი, იგი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ პირადი პრობლემების გამო დავწერე განცხადება პარტიის დატოვების თაობაზე. პარტიასაც ვუთხარი, რომ გავდივარ, მკითხეს რატომ რა პრობლემა გაქვსო, ვუთხარი, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ახლა ისევ მოვიფიქრე და პარტიაში ვრჩები. რადგან პასუხისმგებლობა ავიღე ბოლომდე გავალ. სილამაზის სალონში ვმუშაობ“, – აცხადებს ქნქუშ არზუმანიანი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, მელიქ რაისიანი, იგი ირწმუნება, რომ პარტიის წევრები მუქარაზე ღიად სწორედ ზეწოლის გამო არ საუბრობენ.

„ჩემთან ამბობენ, რომ ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს, ამიტომ წერენ განცხადებას. უშიშროების თანამშრომლები აშინებენ, ფარული ზარები მიმდინარეობს და ემუქრებიან იმით, რომ დააპატიმრებენ, ოჯახის წევრებმა სამსახურს დაკარგავენ. დემოკრატია არ არსებობს, დაგვსდევენ, არჩევნებისთვის კარგ გარემოს არ ქმნიან, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ თავისუფლად მივიღოთ მონაწილეობა“, – ამბობს რაისიანი და ამატებს, რომ მათ მხარდამჭერებს ორმაგი მოქალაქეობის ჩამორთმევითაც ემუქრებიან: „აქ უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, აშინებენ, რომ საქართველოდან გააგდებენ. 50–ჯერ შევცვალეთ სიაც და კომისიის წევრებიც. აქ მოდიან ირწმუნებიან, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან, გადიან ოფისიდან სუსი აჯენს მანქანაში და მიჰყავს, აშინებენ და ისინიც უარს გვიცხადებენ“, – აცხადებს მელიქ რაისიანი.

კანდიდატების მხრიდან პარტიის დატოვებაზე საუბრობენ „ლელოშიც“.

„არარატ პეტიკიანმა დატოვა პარტია, არც ვიცი განცხადება როდის დაწერა, ორი სიტყვით მითხრა, რომ მმართველი პარტია ეგონა და მაგიტომ დარეგისტრირდა ჩვენთან. არც დამაინტერესა რატომ დატოვა პარტია, თავისი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ახალქალაქში, ზაქარ ზაქარიანი.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა არარატ პეტიკიანს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ზეწოლას უარყოფს და მომხდარს გაუგებრობად აფასებს, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ უკვე ყოფილი წევრი ლორანდ ეზოიანი.

„არავის არ დავუშინებივარ. მეგონა, რომ გახარია ივანიშვილთან ალიანსშია, თუმცა როცა გავიგე, რომ ოპოზიციაშია, პარტია დავტოვე. სხვა მიზეზი არ ყოფილა. მე „ოცნებაში“ არ ვარ, მაგრამ „ოცნების“ მომხრე ვარ და მაგიტომ დავტოვე პარტია“, – ამბობს ეზოიანი.

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, რომელი პარტიის, რამდენმა პირმა დაწერა კანდიდატობის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჩვენთვის უცნობია. ოლქის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ადგილზე მისულებს კი გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, რადგან სხდომა მიმდინარეობს.

სავარაუდო ზეწოლასა და მუქარაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, უცნობია, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში გადაგვიმოწმებენ, თუ იმ პირების ვინაობას ვეტყვით, ვინც პოლიციას მიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლებზე კი უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ: „უწყება აღნიშნულ აბსურდულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“.