ნათია მეზვრიშვილი: დებატებში ვიწვევ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს

287

პარტიის „საქართველოსთვის” გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრების“ ეთერიდან კონკურენტები დებატებში გამოიწვია. გადაცემაში მან განაცხადა, რომ მზადაა დებატებში გლდანელების პრობლემებზე ისაუბროს.

„დებატებში ვიწვევ ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც გლდანში კენჭს იყრის. მე ამისთვის მზად ვარ, საკმაოდ კარგად ვიცნობ უკვე თითოეული გლდანელის, რაიონის მასშტაბით არსებულ პრობლემებს და მე მზად ვარ, რომ საქმეზე თითოეული მაჟორიტარობის კანდიდატთან ვილაპარაკო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან გადაცემაში გამოთქვა რწმენა, რომ 2 ოქტომბერს გლდანის რაიონში მაჟორიტარულ არჩევნებში გუნდთან ერთად სერიოზულ შედეგებს მიაღწევს.

„გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების თანადგომით, ნათია მეზვრიშვილი არა თუ დაიკარგება გლდანის რაიონიდან, არამედ თავიდან ბოლომდე გლდანის რაიონის მშენებლობის პროცესში და უკეთესი გლდანის მშენებლობის პროცესში ჩაერთვება”, – აღნიშნა მან „საღამოს საუბრებში“ და განაცხადა, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები საქმით დაამტკიცებენ, რომ ადამიანების გვერდით დგომა შეუძლიათ:

„პირველ რიგში ვეუბნები გლდანელებს, რომ ჩემთვის პრიორიტეტი იქნება თითოეული მათგანი, პრიორიტეტი იქნება ხალხი და ნაკლებად – პოლიტიკური კინკლაობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, რაშიც ფაქტიურად დაკარგულია ადამიანი“, – განაცხადა „საღამოს საუბრებში“ ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, გლდანი იქნება რაიონი, რომელზეც თბილისის წარმატება გაივლის.