ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა. როგორც გაბუნია ამბობს, საკითხი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ტენდენცია პოზიტიური და იმედისმომცემია იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.
“რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ, როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება, თუმცა ჯერჯერობით ამ შეზღუდვების რეჟიმში ვართ, უნდა დავაკვირდეთ”,- თქვა თამარ გაბუნიამ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა. ტრანსპორტი 13 სექტემბერამდე არ იმუშავებს. შეზღუდვა თავდაპირველად 4 სექტემბრამდე იყო დაწესებული.