“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ზუგდიდის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობა შეაფასა

397

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში – ზუგდიდის საკრებულო) 2020 წელს გაწეულ საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობა 2020 წელსაც შეაფასა, რომლის საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

ძირითადი მიგნებები

  • საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ გაუმჯობესდა ზუგდიდის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე, საკრებულომ, “საერთაშრისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციის საფუძველზე, მხარი დაუჭირა ფუნქციების არმქონე შპს “ზუგდიდაგროსერვისის” გაუქმებას, რაც რესურსების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა
  • საკრებულოს მერიის საქმიანობაში და, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ინტერესთა კონფლიქტი ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოუვლენია.
  • ზუგდიდის საკრებულომ 18 სხდომა გამართა, მათ შორის 6 სხდომა რიგგარეშე იყო;
  • ზუგდიდის საკრებულომ 42 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 35 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 7 დადგენილებისა კი – საკრებულო;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებიდან დეკლარაცია ხარვეზებით ორმა შეავსო;
  • ამავე პერიოდში საკრებულოს ექვსი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ორმა – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” და “კონსერვატორებმა” წარადგინეს, ფრაქციებს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “მრეწველები”, “მწვანეები” და “ევროპული საქართველო” საკრებულოსთვის ერთი ინიციატივითაც კი არ მიუმართავთ;
  • ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლების პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 276,826 ლარი შეადგინა;
  • 2020 წლის მდგომარეობით საკრებულოს 50 წევრს შორის მხოლოდ 7 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 14%-ია;
  • ზუგდიდის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა, წინა პერიოდის მსგავსად, საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. საბჭოს საკრებულოსთვის ანგარიში არ წარუდენია, ასევე არ მოუმზადებია წინადადებები და რეკომენდაციები;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომები ჯამურად 333-ჯერ გააცდინეს, მათ შორის, 321-ჯერ – არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრები კომისიების სხდომებში 431-ჯერ არ მონაწილეობდნენ, მათგან 425 არასაპატიო მიზეზით გააცდინეს;
  • საკრებულოს წევრთა შორის საკრებულოს ყველაზე მეტი სხდომა (16 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “მწვანეების” წევრმა, ზვიად ყორშიამ გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა (31 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი ღურწკაიამ და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მალხაზ ციკუტანიამ გააცდინეს;
  • 2020 წელს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 25 წევრს, მათ შორის თანამდებობის ოთხი პირია;
  • 2020 წელს საკრებულოს კომისიების სხდომებზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 16 წევრს. საკრებულოს 50 წევრიდან 41 არ გამოსულა მოხსენებით საკრებულოს წინაშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით საკრებულოს ხარჯებისთვის ჯამში 1,316,000 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც სახელფასო ანაზღაურების ხარჯებმა 1,036,444 ლარი შეადგინა, 17,200 ლარი გაიცა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, საკრებულომ 74,112 ლარის ღირებულების 42,2 ტონა (42,257 ლიტრი) საწვავი გახარჯა.
  • ზუგდიდის საკრებულოს მიერ გახარჯული საწვავიდან საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ და მისმა მოადგილეებმა – ბესიკ ჭეჟიამ და თაზო ფაცაციამ 2020 წელს ჯამში 14,637 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, ჯამური ღირებულებით 25,954 ლარი, რაც ზუგდიდის საკრებულოს მიერ ამავე პერიოდში გახარჯული საწვავის 34.6% შეადგენს.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა გამოავლინოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები;

ანგარიშვალდებულება:

  • უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრება. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს წევრს, სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებიც დაეკისროს.
  • აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ როგორც საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საკრებულოს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ;
  • თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად და უხარვეზოდ შეავსონ.

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.

საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე.