მუხიანის აგარაკებზე, იაკობის ქუჩაზე, წყალარინების ქსელი ეწყობა

339

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგეობის მიერ იაკობის ქუჩაზე, წყალარინების ქსელი 2 300 გრძივ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

იაკობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 577 990 ლარი დაიხარჯება.

მერიის განცხადებით, მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელი და გზის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, მერიისა და გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ცენტრალური კოლექტორი, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების ნაწილზე კი წყალარინების ქსელი მოაწყო. რაიონის გამგეობის მიერ 420 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და 4 029 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარიც დაიგო.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვარდისუბნის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, ხოლო გლდანის გამგეობამ 1 356 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოაწყო. 11 229 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი; წყალარინების ქსელი ასევე, მოეწყო 26 მაისის ქუჩაზე, რის შემდეგაც, გამგეობამ 869 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები შეასრულა და 7 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო სამუშაოები ჩაატარა.

საზანოსა და 26 მაისის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე (ქვედა მონაკვეთი), 1 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო; ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩების დამაკავშირებელ ზედა მონაკვეთზე, ზნაკვის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ხოლო 930 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო; გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის საგზაო მონაკვეთზე, დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები განთავსდა, ბეტონის საფარი კი 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო.

მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო; საგზაო სამუშაოები განხორციელდა ხანძთის ქუჩაზეც, სადაც ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.