საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ე.წ. „უწყება“ ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
„საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”, – ნათქვამია ე.წ. „უწყების“ განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თეა ახვლედიანს მოუწოდებს, ნუ „ამახინჯებს ფაქტებს და ავრცელებს ვარაუდებს.“
ოკუპირებულ აფახაზეთში, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ირაკლი ბებუა ოკუპირებულ გალის რაიონში 30 სექტემბერს, “აფხაზეთის გამარჯვების” ზეიმის პარალელურად ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.