ბორჯომში, მერაბ კოსტავას პარკს და მოედნის რეაბილიტაციას შპს „ჯავა“ ჩაატარებს. მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას 4 192 532 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გამარჯვებულ კომპანიასა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელშეკრულება 2021 წლის 26 ივლისს გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ეტაპობრივად 2021-2022 წლებში, ზამთრის სეზონის გამოკლებით, შემდეგი გრაფიკით: პრეტენდენტმა 2021 წელს სამუშაოები უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 ნოემბრამდე, ხოლო 2022 წელს სამუშაოები უნდა განაახლოს შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან და დაასრულოს 4 თვის ვადაში.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყოფა მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.
კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთება, ფეხით სავალი ნაწილის გრანიტის ფილით მოწყობა, მოედნის მიმდებარედ არსებული შენობის ფასადის განახლება და სკვერის მოწყობა.
აღნიშნული პროექტი პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხორციელდება.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ოთხწლიანია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარს შეადგენს და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას მოიცავს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.