ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები ექვემდებარებიან
მათი ინფორმაციით, სააგენტო, მიმდინარე წელს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.
„ერთოთახიან ბინებზე მონიტორინგი უტარდებათ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა, ოროთახიან ბინებზე – 4 ან მეტი ქულა, სამოთახიან ბინებზე – 2,5 ან მეტი ქულა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი ოჯახები 9,5 ქულის ნაცვლად, 5 ქულიდან გადამოწმდებიან“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახური, ჯამში, 2000-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. სააგენტოს ცნობით, მოკვლეული მასალა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რომელიც ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.