„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატები შეარჩია, მათგან ორი მოქმედი მერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერად „ოცნებამ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ლაზარაშვილი წარადგინა.
38 წლის კანდიდატი ახალციხელია. მას მანამდე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახთის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციაში.
„ოცნებამ“ ნინოწმინდაში მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი წარადგინა. ანიუვარდ მოსოაიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წელს გახდა. იგი 2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი;2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა;2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;ფლობს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ბორჯომში კანდიდატი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ოთარ არბოლიშვილია. იგი საკრებულოს თამჯდომარის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც ყოფილი თავმჯდომარე ქრთამის აღებისთვის დააკავეს. მანამდე არბოლიშვილი წაღვერის თემში რწმუნებული იყო, მანამდე კი 2002 დან 2006-მდე რეგიონის უშიშროების სამსახურში მუშაობდა.
ადიგენში გოჩა ქიმაძეს იყრის კენჭს, იგი 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“.
ასპინძაში მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, როსტომ მაგრაქველიძეა. იგი 2003-2004 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2006 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატები. გავლილი აქვს ტრენინიგები: საარჩევნო პროცესების მართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადება, პარტნიორები საქართველო – მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ახალქალაქში კი საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაკარიანი იქნება. იგი ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი და ტერიტორიულ დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრია.