მოუგვარებელი პრობლემები მაღალმთიან აჭარაში, დახარჯული მილიონობით ლარის ფონზე. ამ თემაზე ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ქედის მუნიციპალიტის რამდენიმე სოფელში ადამიანებს სასმელი წყალი არ აქვთ. საუბარია აგოთასა და ზენდიდზე, სადაც ზაფხულობით, გვალვების დროს, ვერც სასოფლო სამეურნეო ნარგავების მორწყვა ხერხდება.
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციასა თუ ახალი წყალსადენების მშენებლობაზე ქედის მერია ყოველწლიურად მილიონობით თანხას ხარჯავს, თუმცა, წყალი ქედის სოფლებისთვის, კვლავ, მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სოფელ აგოთაში მცხოვრები მარინა ბელარუსოვა გვიყვება, რომ ადგილობრივებმა ხელისუფებას პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.
სოფელში ვითარება განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც გვალვებია. აგოთაში, სადაც ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას, სარწყავი წყლის არარსებობის გამო ვერ ახერხებს. აქ მცხოვრებლებს, არც ის წყლის მილები შეხვდათ, რომელიც ქედის მერიამ, ხალხის ფულით, მათივე პრობლემების მოსაგვარებლად იყიდა.
აგოთასაგან განხვავებით, სოფელ ზენდიდში, წყლის ავზებიც მოაწყვეს და სოლიდური თანხაც დახარჯეს, თუმცა, გახარჯული ათასებით ლარის ფონზე ამ პროექტით დღემდე არავის უსარგებლია. წყალი ოჯახებამდე მხოლოდ იმის გამო ვერ მივიდა, რომ წყალშემკრები ავზები არასათანადო ადგილზეა. უფრო მეტიც, ქედის მერიის ტენდერით განხორციელებული ეს პროექტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც კი მოხვდა.
ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე ქედაში ყოველწლიურად მილიონობით თანხა იხარჯება, პრობლემა კი მხოლოდ იმის გამო ვერ გვარდება, რომ პროექტები მდგომარეობის შეუსაბამოა. რამინ ბერიძის თქმით, მერიის შესაბამის სამსახურები კი, მონიტორინგს დროულად არ ახორციელებენ.
ოპოზიციის შენიშვნას წყლის მილების პარტიული ნიშნით გაცემასთან დაკავშირებით ქედის მერის მოადგილე პასუხობს, რომ მილებს საჭიროებისამებრ გასცემენ. რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემებსა და უმაყოფილებას, როლანდ ბერიძე ასე განმარტავს: პოლიეთილენის მილების შესყიდვაზე ქედის მერიას ტენდერი ახლაც გამოცხადებული აქვს. საამისოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 20 ათასი ლარია გამოყოფილი და იგი 8 აგვისტოს დასრულდება.