ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს, მაგრამ ენმ პარლამენტში დარჩება

321

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

როგორც მელია აღნიშნა, ის აპირებს, რომ მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

“მოგეხსენებათ, ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად”, – თქვა მელიამ.

​მისივე თქმით, მან თანაგუნდელებს თხოვა პარლამენტში ფორმალურად დარჩნენ, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ქართულ ოცნებას ბოლომდე მიაყვანინონ.

“მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას. ამის შემდეგ მათ რა თქმა უნდა მოუწევთ ყველაფრის გაკეთება. თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ მათ საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი”, – თქვა ნიკა მელიამ.

გუშინ საპარლამენტო მანდატი “გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც დატოვა. ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.

“ქართულმა ოცნებამ”, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.