სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ფიტნეს ზონები მოეწყო. დიდ მიტარბში, ლარებში, სადგერში, ბეშეთსა და რველში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 100 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში 33 სოფელში შერჩეული 34 პროექტის განსახორციელებლად 872 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.