გადატვირთული საქალაქო ტრანსპორტი ახალციხეში პანდემიის ფონზე

515

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტში, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდება. მიკროავტობუსში, განსაკუთრებით დილის საათებში, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის, მოქალაქეების ნაწილს კი პირბადე არ უკეთია. მიუხედავად ბევრი მგზავრისა, შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის დამატების საჭიროება არ დგას. ახალციხის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ  მონიტორინგის დროს მსგავსი დარღვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ სამხრეთს კარიბჭე წერს.

„მძღოლი გაფრთხილებული მყავს, რომ ფეხზე არავინ არ დააყენოს. სიცხის  აპარატიც აქვს, ანტისეპტიკურიც“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.

კითხვაზე, რატომ მოძრაობს მხოლოდ ერთი საქალაქო ტრანსპორტი ქალაქში, სადაც 20 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, შპს „ჯეოტივიში“ აცხადებენ, რომ “ზაფხული მკვდარი სეზონია და მგზავრთა ნაკადი არ არის”.

„საღამოს გადატვირთული მე არ მინახავს ტრანსპორტი და დილას კი, არის. ახლა არის მკვდარი სეზონი და ალბათ სექტემბრიდან დავამატებთ რეისს“, – აცხადებს ნუგზარ მამუკაშვილი.

საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების ნახევარს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ფარავს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ საქალაქო ტრანსპორტში ყველა რეგულაცია დაცულია.

„საქალაქო ტრანსპორტში ეტაპობრივად მიმდინარეობს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მონიტორინგი, ეძლევათ შესაბამისი მითითებები. ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს მსგავსი შემთხვევა არ გამოვლენილა“, – აცხადებენ მერიაში.

ახალციხის ბიუჯეტიდან 2021 წელს საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის 22 000 ლარი გამოიყო. იგივე ოდენობის თანხა დაიხარჯა გასულ წელსაც.