ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატობასთან ყველაზე ახლოსაა. მისივე თქმით, ოპოზიცია მერობის კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს.
“გულწრფელად გეტყვით, რომ ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას იყოს, ასე ვთქვათ, ერთიანი კანდიდატი თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს. ეს არის ბოლო დღეები, როდესაც ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. აქ ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე, არასაპარლამენტო პარტიები და რამდენიმე ძირითადი შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ პარასკევს საბოლოოდ, ალბათ, უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე”, — ამბობს დეკანოიძე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.