ლავრენტი ალანია: მიკროავტობუსის მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე თანხმობას ელიან

359

ტრანსპორტის პროფკავშირის ინფორმაციით, გუშინ ლურჯი მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესების სიტყვიერი დაპირება მიიღეს.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, კომპანიისა ხელმძღვანელისა და მძღოლების შეხვედრას წინ პროფკავშირის მიერ ორივე მხარესთან მოლაპარაკებები უძღოდა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე კი მათ ხელფასების საათობრივ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე, მე-13 ხელფასის და აღდგომის დღესასწაულებზე პრემიების გაცემაზე, უქმე დღეებში მუშაობის პერიოდში ორმაგი ანაზღაურების გაცემაზე, მავნე სამუშაოსთან დაკავშირებით დამატებითი თანხების მიღებაზე და ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

„მიკროავტობუსის მძღოლები უნდა გაუთანაბრდნენ ავტობუსის მძღოლებს, რადგან მათაც იმავე პირობებით უწევთ მუშაობა. ამიტომ რა პირობებითაც მუშაობენ ავტობუსის მძღოლები, ანალოგიური ბენეფიტები უნდა ჰქონდეთ მიკროავტობუსის მძღოლებსაც.

ვფიქრობ, რომ მიკროავტობუსების მძღოლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება საბოლოოდ შეგდება. თუ გუშინ მიკროავტობუსის მძღოლებმა „თბილისის მიკროავტობუსის“ პირობების გაუმჯობესების სიტყვიერი დაპირება მიიღეს, ვიმედოვნებთ, რომ სამშაბათს შეთანხმებას ხელი მოეწერება“, – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

მისი ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა სამშაბათს კაიროს ქუჩაზე არსებულ ავტოფარეხში მოხდება.