ქალაქ გურჯაანში ცენტრალური-ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. პროექტის- „განახლებული რეგიონის “ ფარგლებში მოხდება შენობების ფასადების შეკეთება, ასევე მოეწყობა ტროტუარები.
მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, განახლდება „პაპას ბაღი“ და „ბებოს ბაღი“
“თავდაპირველად გაკეთდება „ბებოს ბაღთან“ არსებული კორპუსი, ბიბლიოთეკა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა და კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ამის შემდეგ, მოხდება დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მთლიან ქუჩაზე შეიცვლება ელექტროენერგიის ქსელი, არსებული სტანდარტების მიხედვით მოხდება სადენების მიწაში ჩადება. ჯერჯერობით ნონეშვილი გაკეთდება, ეტაპობრივად დანარჩენი ქუჩების კეთილმოწყობაც იგეგმება“, – განმარტა ხანდამაშვილმა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.