კახა კუჭავა: სამწუხარო ამბავმა ყველა აღაშფოთა, პარლამენტსაც მოუწევს, აქტიურად ჩაერთოს, რათა ყველა მიზეზი დადგინდეს

271

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბარი დაიწყო საქართველოში გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით. კუჭავამ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.  როგორც კუჭავამ აღნიშნა, ამ სამწუხარო ამბავმა ყველა აღაშფოთა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტსაც მოუწევს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რათა რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი, რამაც ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია.

„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც გუშინ გავიგეთ. შეიძლება ემოციების გარეშე არ ისაუბრო, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის. ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, რამხელა სიყვარული და მეგობრობაა და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა თავიანთი მეგობრის დაღუპვით ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო. რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ. ეს არის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა. ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, პარლამენტსაც მოუწევს, აქტიურად ჩაერთოს, რათა რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს. აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება, რათა ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ პარლამენტში გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.