ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს კახეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ღია წესით წვავდნენ, ერთ შემთხვევაში – მუნიციპალურ ნარჩენს, ხოლო, მეორე შემთხვევაში – რეზინისა და პლასმასის ნარჩენებს.
„შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რაც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას,“ – აღნიშნავენ დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის 35 მუხლის შესაბამისად,
„1. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.