NDI-ის კვლევის თანახმად, წყალმომარაგება, გზები, კანალიზაცია და უსახლკარო ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივი დონის საკითხებად დასახელდა

436

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, წყალმომარაგება, გზები, კანალიზაცია და უსახლკარო ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივი დონის საკითხებად დასახელდა.

კითხვაზე: რა არის კეთილგანწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს? – გამოკითხულთა 25%-სთვის წყლით მომარაგება; 24%-სთვის – გზები; 20%-სთვის- კანალიზაცია; 18%-სთვის უსახლკარო ცხოველები; 15%-სთვის გარემოს დაბინძურება; 12%-სთვის სუფთა ქუჩები.

რაც შეეხება დედაქალაქს, ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად გზების სისუფთავე, კომუნალური გადასახადები და უსახლკარო ცხოველები აწუხებს. რაც შეეხება დიდი ქალაქების მოსახლეობას, კვლევის თანახმად, განსაკუთრებულად გზების, ხოლო პატარა ქალაქების მცხოვრებლებს უსახლკარო ცხოველების საკითხი აწუხებთ.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში გამოკითხულთა 30%-ს გარემოს დაბინძურება აწუხებს; 24%-ს კომუნალური მომსახურების გადასახადები; 23%-ს უსახლკარო ცხოველები; 22%-ს საგზაო მოძრაობა; 16%-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ასევე 16%-ს სუფთა ქუჩები; 14%-ს პარკირება; 14%-ს გზები; 12%-ს ნაგვის შეგროვება.

ამასთან, კვლევის თანახმად, სოფლებში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად წყლით მომარაგება, კანალიზაცია და გზები დასახელდა.

ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.