როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, მთელი ქალაქი ვართ ერთად – რუსთავის მერი დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე

378

წინა სტატია

“მე მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მთელი ქალაქი ვართ ერთად”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ “ინფორუსთავის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, რას პასუხობს მუნიციპალიტეტი იმ მოთხოვნებს, რომელიც 5 ივნისს, რუსთავში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აქვთ.

ლაცაბიძის თქმით, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორი, რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებში ერთიანია.

“მე მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მთელი ქალაქი ვართ ერთად, როგორც არასამთავრობო და სამოქალაქო ჯგუფები, ისე სამთავრობო სექტორი. არ არსებობს იყოს სხვა პოზიცია ერთი პოზიციის გარდა, რომ ამ ქალაქში ბიზნესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ასრულებდეს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა დაახლოებით 1 წლის წინ მიიღო. მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და ყველა სექტორი, როგორც სამთავრობო გუნდი, ასევე სამოქალაქო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მთავარი გარდამტეხი ნაბიჯი, ყველანი ვართ ერთიანები იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს

.დღეს მივემგზავრები მივლინებით კონფერენციაზე, სამწუხაროდ, მე ვერ დავესწრები ამ აქციას, თუმცა მუნიციპალიტეტის მხრიდან, საორგანიზაციო კუთხით, თუკი რაიმე საკითხი იქნება დაყენებული, მუნიციპოალიტეტი იქნება ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”-ს ორგანიზებით საპროტესტო აქცია სახელწოდებით “ბოლო შანსი” გაიმართება.