ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს განახლებული შენობა დახვდებათ

887

ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სულ მალე განახლებული შენობა დახვდებათ. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებაში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად კი ეზოსა და ოთახების დასუფთავება და წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს.

”შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახები განახლდა ასევე ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით”, – აღნიშნავს გამგებელი.

ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, №1 საბავშვო ბაღში სააღმზდელო პროცესი ოქტობრის შუა რიცხვებში დაიწყება. განახლებული საბავშვო ბაღი 230-მდე პატარას უმასპინძლებს.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით მომარაგებისათვის ჯამურად 165 300 ლარი დაიხარჯა.

წყარო: ინტერპრესნიუსი