ქობულეთის განახლებული ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაზეც 7 მილიონი ლარი დაიხარჯა ოფიციალურად გაიხსნა

702

ქობულეთში განახლებული ბულვარი ოფიციალურად გაიხსნა. სამკილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა.

სრულიად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, დეკორატიული ფილებით მოეწყო სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარეგანათების სისტემა, მოეწყო ველოპარკირებები, მოსასვენებელი კუთხეები, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები, კეთილმოეწყო სანაპირო ზოლი, პროექტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ზღვისპირა პარკის მოწყობა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე 850 მეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა. ხოლო მეორე ეტაპზე სამუშაოები 2 150 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს „Google”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა 4-კაციანი სპეციალური ჯგუფით ეწვია, რომლებმაც ქობულეთის ახალი ბულვარი მთლიანად გააციფრულეს. ტექნიკურმა ჯგუფმა გადაღებული ყველა მონაცემი Google-ის ოფიციალურ საძიებო რუქაზე უკვე დაიტანა, რათა ვიზიტორებს მარტივად შეეძლოთ საინტერესო ლოკაციების ნახვა და დათვალიერება.

განახლებულ ბულვარს მომავალ წელს ახალი ტურისტულად საინტერესო ატრაქცია შეემატება, რომელსაც ზღვაზე გადასახედი პანორამული ბაქანის ფუნქცია ექნება. ბაქანის პროექტი ქობულეთის მერიამ უკვე შეიძინა და ის მომავალ წელს განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დამატებით რამდენიმე მსგავსი ტურისტულად საინტერესო ატრაქციის მოწყობაც იგეგმება. ქობულეთის მერის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა გაგრძელდება, რაც მდინარე აჭყვიდან მდინარე კინტრიშამდე დაახლოებით ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს.

„ფაქტიურად ქობულეთს აქვს ახალი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი, რომელიც დატვირთულია საბავშვო სივრცეებით, სპორტული ცხოვრების მოყვარულებისთვისაც ბევრი საინტერესო ადგილი შეიქმნა. ეს ხელს უწყობს ქობულეთის კიდევ უფრო მეტ ცნობადობის ამაღლებას და მიმზიდველობის გაძლიერებას.

შემოდგომიდან უკვე დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, მდინარე აჭყვიდან მდინარე კინტრიშამდე, შესაბამისად სანაპირო ზოლის მოწყობა არის შეუქცევადი თანდათანობითი პროცესი, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ 24 კმ-იანი მონაკვეთი სრულად არ იქნება რესტავრირებული“ – განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის, ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2019 წლის თებერვლიდან შპს “ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებდა.

სამუშაოებისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსფერიდან გამოიყო.