გიორგი ურუშაძე: გურიის რეგიონი სტუმრებს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით დახვდება

467

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილთან ერთად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე.

გიორგი შუხოშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია მიაწოდა სამომავლო გეგმის შესახებ, რომელიც მოიცავს, როგორც რეგიონის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის განკუთვნილი მძიმე ტექნიკით აღჭურვას, ასევე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებისა და შესაბამისი ნაგავმზიდებით უზრუნველყოფას.

“მნიშვნელოვანია, რომ გურია ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება, ამისთის სრული მზადყოფნაა, როგორც ხელისუფლების ასევე კერძო სექტორის მხრიდან, კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების მართვას მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, უკვე აქტიურად ჩაერთო სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებში. ამ ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე მოხდება გურიაში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება, სანაპირო ზოლის მუდმივი მოვლა და მონიტორინგი,”- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.