დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული. როგორც საქართველოს პირველ არხს მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, გადაწყვეტილება კოვიდრეგულაციების შემსუბუქების პარალელურად მიიღეს.
მანამდე არსებული წესით, კონდიციონერის მუშაობის დროს, ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების თანახმად, მუდმივად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით, კონდიცირების შესახებ კი რეკომენდაციაში საუბარი არ არის.
შრომის ინსპექციაში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აქვს. იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შედეგად და რა არგუმენტით განხორციელდა ცვლილება, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში არ აკონკრეტებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუმარტა, რომ რეკომენდაციები არ შეცვლილა, თუმცა, საკმარისი ჰაერცვლის შემთხვევაში, კონდიციონერის დახურული ფანჯრების პირობებში ჩართვა ნებადართულია.
2020 წლის ივლისში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კონდიციონერებთან დაკავშირებული გაიდლაინების თანახმად, ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა შესაძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტობუსებში კონდიციონერი ჩართული იქნება, ფანჯრები ღია უნდა იყოს.