გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში, სავარაუდოდ, კახთა მეფე ლევანის აკლდამა აღმოაჩინეს

653

გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში, სავარაუდოდ, კახთა მეფე ლევანის აკლდამა აღმოაჩინეს. ლევან ბაგრატიონის აკლდამას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია.

სპეციალისტების განმარტებით, კვლევის დროს, ტაძრის კედელზე გამოსახული ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ, აგურით გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა და მასში ნეშტის ფრაგმენტები გამოვლინდა. აკლდამაში, ნეშტთან ერთად, XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებსა და უცხოეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ჩატარდება.

ისტორიულ წყაროებში მითითებული ცნობების მიუხედავად, ლევან მეფის განსასვენებლის კონკრეტული ადგილი, საფლავის ქვის არქონის ან სხვა მინიშნების არარსებობის გამო, ცნობილი არ იყო.

არქეოლოგიურ სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს , ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლებისა და კახეთის რეგიონის საქმიანი წრეების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ლევან მეფე, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, კახეთში, 1520-1574 წლებში, 54 წლის განმავლობაში მეფობდა.