თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქალაქ თბილისის თავის, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ცნობილი მეცნიერები, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების მკვლევარები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
საგამოფენო სივრცეში დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა და დიმიტრი ყიფიანის ხელნაწერებია წარმოდგენილი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მისი განცხადებით, განუსაზღვრელად დიდია დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი ქვეყნის და დედაქალაქის წინაშე. მან მარიკა დარჩიას ამ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.
„გარდა იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანი იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, იგი 1875 – 1879 წლებში იკავებდა თბილისის ქალაქის თავის პოსტს და მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, თანამოაზრეებთან ერთად შეძლო ქალაქისთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
ვიმედოვნებთ, რომ დღეს, საკრებულოში გახსნილი საგამოფენო სივრცე საინტერესო იქნება თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ ვრცლად ისაუბრა თბილისისა და ქვეყნის წინაშე დიმიტრი ყიფიანის ღვაწლსა და დამსახურებაზე. მან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს ნინო სანადირაძეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და დიმიტრი ყიფიანის შთამომავალს ზაზა აბაშიძეს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„დიმიტრი ყიფიანი უზარმაზარი მნიშვნელობის სახელმწიფო მოღვაწეა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში არის დარბაზი, რომელიც დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს, სურვილი მქონდა, ამ ისტორიულ შენობაში შექმნილიყო დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე, რომელშიც მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ძირითადი ინფორმაცია იქნებოდა მისი მოღვაწეობის, მისი გზის შესახებ. ის დეტალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. დიმიტრი ყიფიანის ეს დარბაზი პრაქტიკულად გვასწავლის ყველას, როგორები უნდა ვიყოთ. რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, როგორ მოვიდა ჩვენი ქალაქი აქამდე, როგორ მოვიდა ჩვენი ქვეყანა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ თბილისის პირველ ქართველ მერს ამ ისტორიული შენობაში ისტორიული დარბაზი ჰქონოდა,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ღონისძიებაზე დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს მისმა შთამომავლებმა, მეცნიერებმა. საგამოფენო სივრცის გახსნის შემდეგ, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დიმიტრი ყიფიანის შესახებ რეჟისორების კოტე ჯანდიერის და ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის მცირე ნაწილის ჩვენება გაიმართა.
საგამოფენო სივრცეს პირველი დამთვალიერებლები ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კლუბის წევრები იყვნენ.