სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია ადასტურებს მის გადასვლას კერძო კომპანია “არქეოპოლისში”, შემდეგ კი მერიაში იგივე პოზიციაზე დაბრუნებას, თუმცა ამბობს, რომ ამ გადაადგილებას და კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს შორის კავშირი არ არის. ის არ ეთანხმება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაში გამოთქმულ ეჭვს, რომ თითქოს აქ ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის შესაძლო ნიშნები იკვეთება.
“არც ინტერესთა კონფლიქტია და არც კორუფციასთან მაქვს რაიმე შემხებლობა. მე ვიცი, რომ ჩემი საქმიანობის კრედოა მხოლოდ კანონშესაბამისობა. მოქმედი კანონმდებლობა არ დამირღვევია. ეს არის გამჭვირვალე, ღია პროცესი, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით იმართება. ყველა პროცედურა ღია და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ნებისმიერ დაინტერესებულს შეუძლია გადაამოწმოს, რის საფუძველზე მოიგო “არქეოპოლისმა” ტენდერები”, – უთხრა ნანა ზარანდიამ “ლაივპრესს”.
მისივე თქმით, არასდროს უმოქმედია საკუთარი ინტერესების, ან სხვისი ინტერესებით საქმეში. მათ შორის, ამბობს – არაფერს ნიშნავს ფაქტი, რომ “არქეოპოლისი” ყოფილი პარლამენტარის კომპანიაა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს კომპანია დიდი ხანია საქმიანობს და მისი დირექტორობის ხანმოკლე პერიოდში მოგებულ ტენდერებში, კორუფციის ნიშნები არ იკვეთება. ნანა ზარანდია ირწმუნება, რომ კომპანიამ ტენდერები სრულიად დამსახურებულად მოიგო.
რატომ დატოვა საჯარო სამსახური და კერძოში გადაინაცვლა, შემდეგ კი ისევ რატომ დაბრუნდა ძველ პოზიციაზე სამუშაოდ, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო სახელფასო ანაზღაურების გამო.
“როცა ასეთი საჯარო მოხელე ჰყავს დაწესებულებას, უნდა ზრუნავდეს, რომ შეუქმნას ისეთი გარემო, რომ არ ეძებოს ხელფასის გამო სხვა სტრუქტურებში სამუშაო. მე, როგორც საჯარო მიხელეს, ჩემი თავი ვერ წარმომედგინა სხვაგან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ისევ დავბრუნებულიყავი. ღია კონკუსში მივიღე მონაწილეობა. ყველა პროცედურის დაცვით გავიარე ეტაპები და დავინიშნე. იმდენად მიყვარს ჩემი სფერო, მართლა ვერ წარმოვიდგინე ჩემი თავი სხვაგან. ნაკლებ ხელფასზე ვარჩიე აქ მუშობა. ბევრ რამეზე მითქვამს უარი და ვიტყვი კიდეც, როცა ჩემი საქმე მიყვარს”, – აცხადებს ნანა ზარანდია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ე.წ მბრუნავი კარი – საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილება, გამოვლინდა სენაკის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი ფაქტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ნანა ზარანდიას შემთხვევაში დაადგინეს.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ნანა ზარანდიას ჩართულობით სს “არქეოპოლისის” სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს ფაქტი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.