TI-ის კვლევა: ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის შესაძლო რისკები სენაკის მერიაში

460

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ე.წ მბრუნავი კარი – საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილება, გამოვლინდა სენაკის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი ფაქტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან მიმართებაში.

კერძოდ, არასამთავრობოს ინფორმაციის მიხედვით, ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა. 2019 წლის 8 თებერვალს, ის მერიიდან წავიდა და სს “არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა. კომპანიის უფროსი ნანა ზარანდია 2020 წლის 12 ივნისამდე იყო. სწორედ ამ პერიოდში კომპანიამ სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ტენდერი მოიგო და 1 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 6,054,373 ლარია. შვიდივე ხელშეკრულებას “არქეოპოლისის” მხრიდან ხელს კომპანიის დირექტორი, ნანა ზარანდია აწერს.

“შემდგომ ნანა ზარანდია კვლავ დაბრუნდა სენაკის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სწორედ ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაშია შესყიდვების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზებაა. ამის შემდეგ სს “არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3,874,513 ლარი. ორივე შემთხვევაში ნანა ზარანდია ხელს აწერს ოქმს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი სს “არქეოპოლისთან”.

სს “არქეოპოლისი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიაა სამეგრელოს რეგიონში. იგი შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 122 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. “არქეოპოლისისგან” ყველაზე ხშირად მომსახურებას სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტი ყიდულობს – “არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის 26 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 2 გამარტივებული შესყიდვაც”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

სს “არქეოპოლისი” საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, დემურ გადელიას კომპანიაა. გადელია პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი) ორჯერ იყო 1995-1999 და 1999-2004 წლებში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ნანა ზარანდიას ჩართულობით სს “არქეოპოლისის” სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა იგი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.