ქუთაისის მერიამ ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის სამწლიანი დაპირება ვერ შეასრულა. 2018 წელს დაანონსებული კიბეების აღდგენის პროცესი არც კი დაწყებულა. მერიამ მხოლოდ პროექტი შეადგინა. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის მისივე ინიციატივით ჩაშლის შემდეგ კი, პროექტის განხორციელებაზე ზრუნვით თავი აღარ შეუწუხებია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ამორტიზებული კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება წლიდან წლამდე, ბიუჯეტიდან ბიუჯეტში გადადიოდა. მერია ყოველ წელს ირწმუნებოდა, რომ ამისთვის საკმარისი თანხა, ერთი მილიონი ლარი მობილიზებული ჰქონდა. ახლა კი ირკვევა, რომ ფული არ აქვს და დაფინანსების იმედით მის ევროკავშირის საგრანტო კონკურსზე გატანას აპირებს. თუმცა, მერია კონკურსზე ისე საუბრობს, რომ ჯერ პროექტი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოზე არც კი განხილულა. ეს მაშინ, როცა აღნიშნული საკითხი საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მერიისგან შესაბამისი დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.
“ოფიციალური დოკუმენტი ჩვენთან არ შემოსულა. როცა შემოვა, ჩაინიშნება საბჭოს სხდომა და გადაწყდება საკითხი”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მერიას, მისივე პასიურობის გამო, 2019 წელს შედგენილი პროექტის კორექტირებაც მოუწევს, რადგან საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ღირებულება თავიდან უნდა განისაზღვროს. საბაზრო ფასთან პროექტის შესაბამისობაში მოსაყვანად მერიას დამატებითი თანხის დახარჯვა დასჭირდება.
“ამ პროექტს აქვს ის უპირატესობა, რომ არსებობს დეტალური პროექტი და დაფინანსების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელისშემშლელი გარემოება ფაქტიურად არ გვაქვს. თუმცა, დონორის მოთხოვნაა, რომ ყველა პროექტი, რომელიც მის მიერ იქნება მოწონებული, უნდა გადამოწმდეს. ამას, დიდი ალბათობით, სამხარაულს დავუკვეთავთ და ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა ღირს ახლა ეს პროექტი”, – ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.
მირზა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ექსპერტიზის შემდეგ პროექტის ღირებულება გაიზრდება.
2020 წელს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მერია კიბეების რეკონსტრუქციაში 736 306 ლარს იხდიდა. ახლა კი ეს უფრო ძვირი დაუჯდება