შეცდომაში შემიყვანეს – ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი “ენერგო–პრო ჯორჯიაზე”

462

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ სოფელ სადგერის ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების გადატანასთან დაკავშირებით, „ენერგო–პრო–ჯორჯიამ“ შეცდომაში შეიყვანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, 2020 წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეგონა, რომ კომპანია ადგილობრივების ნაკვეთებიდან ყველა ანძას გაიტანდა, რაც  ასე არ მოხდა. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ რვა ანძიდან მხოლოდ ოთხი გადააქვს.

„ახლა როცა იგივე შეკითხვა „ენერგო–პრო ჯორჯიას წარმომადგენელთან ისევ დავსვი მითხრა, რომ ყველას გატანაში იგულისხმა, მხოლოდ საცხოვრებელ სახლებთან მდგარი ბოძები. კომპანიამ შემიყვანა შეცდომაში, მე კი თქვენ. ახალი ნახაზის გაკეთების შემდეგ „ენერგო–პრო–ჯორჯია“ უნდა მოსულიყო ჩვენთან და ერთობლივად უნდა გაგვეცნო ადგილობრივებისთვის, მაგრამ არ მოიტანეს. შესაბამისად პირობა ვინ დაარღვია თქვენც მიხვდებით. 2019 წელს, როცა აღნიშნული ხაზის რეკონსტრუქცია დაიწყო და ახალი პროექტი დაიხაზა,მე ამ თანამდებობაზე არ ვიყავი“,– ამბობს დავით ზაალიშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ანძების გადასატანად მუნიციპალიტეტს ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს, თვითმმართველობა საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

„ჩვენ საწინააღმდეგო არ გვაქვს, თუ მე კომპანია მომმართავს, რომ დარჩენილი ოთხი ანძაც სახელმწიფო საკუთრებაზე გადაიტანოს, რა თქმა უნდა ნებას დავრთავთ“,–ამბობს მერი.

დავით ზაალიშვილის თქმით, იგი “ენერგო–პრო ჯორჯიას“ და ადგილობრივების დავაში ვერ ჩაერევა, რადგან ეს კერძო საკუთრებას ეხება, იგი სადგერში მცხოვრებლებს ურჩევს, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სასამართლოს მიმართონ, „თუ ვერ თანხმდებიან მაშინ უჩივლონ ადგილობრივებმა“.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი სადგერში მცხოვრებლების აქციაზე გაკეთებულ განცხადებასაც პასუხობს და ამბობს, რომ მას აღნიშნულ სოფელში ნაკვეთი არ აქვს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი მეუღლის ოჯახის ნაკვეთია და გარდა იმ ნაკვეთისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ანძები კიდევ 50 ოჯახის საკუთრებიდან გააქვთ“.

ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო, მაგრამ  მოსახლეობის პროტესტის გამო მალევე  შეჩერდა.

ერთწლიანი დავის შემდეგ 2021 წლის მარტში გადაწყდა, რომ „ენერგო–პრო ჯორჯია“ სოფელ სადგერში ადგილობრივების ნაკვეთებიდან ელექტროგადამცე ანძებს მოშორებით, ტყის მასივში გადაიტანდა. ეს კი მას შემდეგ დაიწყებოდა, როცა კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავდნენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრა არავის გაუმართავს.  მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე გადაწყდა, რომ მათ კუთვნილ ნაკვეთებში მდგარი რვა ანძიდან მხოლოდ ოთხს გაიტანენ.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია და სიმძლავრის გაზრდა, ბაკურიანში 2023 წლისთვის დაგეგმილი ოლიმპიადისთვის სჭირდებათ, ამიტომ სამუშაოებს ვერ შეაჩერებენ.

„ეს ბოძები კომუნისტების დროს აშენდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წლების შემდეგ ეს ადგილები მოსახლეობამ შემოიღობა, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით“, – განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა 21 ივნისს.