გელათის სამონასტრო კომპლექსში მეორე დღეა იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ.
ისინი ერთი კვირა დარჩებიან და ამ ხნის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსი დაიკეტილი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ექსპერტები, რომლებმაც გელათში ფრესკებისა და სახურავის დაზიანება უნდა შეისწავლონ. იოსებ ბურჯანაძის თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ საჯაროვდება.
იუნესკოს წარმომადგენლთა ვინაობის გასაიდუმლოებას პრობლემად მიიჩნევენ ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიაში”. მათი თქმით, მაღალი სანდოობისთვის საჭიროა, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ღია იყოს.
გელათის მონასტერში არსებული ვითარების შესწავლა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა 23 ივნისიდან დაიწყო. იუნესკოს წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ როგორც ფრესკების დაზიანების ხარისხი, ასევე, სახურავის მოწყობის დროს დაშვებული ხარვეზები. ექსპერტები გელათში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
მანამდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მომხდარში პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გელათის მთავარ ტაძარში არსებული პრობლემები 2008 წლის პროექტით გადახურვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.
რა დარღვევებს გამოავლენენ იუნესკოს ექსპერტები გელათში, ამის შესახებ ცნობილი მისიის დასრულების შემდეგ გახდება.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.