TI-ის კვლევა: ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის კომპანიების 130 მილიონიანი სარგებელი სახელმწიფო შესყიდვებიდან

901

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან. 2010-2021 წლებში ორივე კომპანიამ უმეტესად ბათუმის მერიიდან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 68% – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშია ნათქვამი.

ტენდერებიდან ასეულათასობით ლარს იღებს ნუკრი დოლიძის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, შოთა მიქელაძის კომპანია „თ.ე.მ.ი”. მიქელაძე „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველიცაა.

ნუკრი დოლიძის შემთხვევა კორუფციულ რისკთაგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს – ე.წ. მბრუნავ კარს ეხება. დოლიძეებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტები ამით არ ამოიწურება – ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე წლების განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო ინფრასტრუქტურის საკითხებში, 2020 წლის დეკემბრიდან კი ბათუმის მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად დაინიშნა. არცერთ შემთხვევაში არ ჩანდა მსგავსი საკადრო გადაწყვეტილების დასაბუთება. მის მიერ წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში კი მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

„მბრუნავი კარი” და ნუკრი დოლიძის კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ნუკრი დოლიძე ბათუმის საკრებულოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აეროპორტის უბნის მაჟორიტარ წევრად აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. დოლიძე თვითმმართველობაში ბიზნესიდან მივიდა – საკრებულოს წევრობამდე მას, პარტნიორებთან ერთად, უკვე ჰქონდა დაფუძნებული ორივე კომპანია: 2005 წლის 18 თებერვალს – შპს „მონოლითი 2005”, 2009 წლის 2 ივნისს კი – შპს „ბონდი 2009”. 2014 წლის არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ბიზნესი გააფართოვა.

საკრებულოში არჩევამდე ნუკრი დოლიძესთან დაკავშირებული არცერთი კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ნუკრი დოლიძის ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე კვლევა 2014 წელს გამოაქვეყნა. იმ პერიოდში ნუკრი დოლიძეს უკვე დატოვებული ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მის მფლობელობაში არსებული ორივე კომპანია უკვე აქტიურად იგებდა მუნიციპალურ შესყიდვებს.

„მონოლითი 2005”-ში ნუკრი დოლიძე 25%-ს ფლობს (მისი ძმა, მერაბ დოლიძე 50%-ის მფლობელია, დარჩენილი 25% კი არჩილ ქაჯაიას საკუთრებაა). ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წელს გააქტიურდა და პირველსავე ტენდერში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი უკონკურენტოდ მოიგო. მას შემდეგ დღემდე „მონოლითი 2005”-მა 65 სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა, მათ შორის 31-ში – უკონკურენტოდ, 11-ში კი – მეტოქე კომპანიების დისკვაფილიკაციის ხარჯზე. ჯამში კომპანიამ 29 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

65 ტენდერიდან 53 შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება ბათუმის მერიამ და მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გააფორმა. სხვა შემთხვევებში დამკვეთები არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბათუმის ბულვარი, მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალი”, სამგორის გამგეობა და ა.შ.

„მონოლითი 2005”-ის სარგებელი 2011-2021 წლების სახელმწიფო შესყიდვებიდან:

„მონოლითი 2005”-ზე თითქმის 4-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან ნუკრი დოლიძის ნაწილობრივ მფლობელობაში მოქმედმა მეორე კომპანიამ „ბონდი 2009”. ამ კომპანიაში ნუკრი დოლიძე ბადრი ჭაღალიძესთან, ოთარ ფუტკარაძესთან და დავით დევაძესთან ერთად 25-25% ფლობს.

„ბონდი 2009” ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მსხვილი სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებელია: 194 ტენდერიდან 102-ში გაიმარჯვა ისე, რომ 48-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 12-ში კი მეტოქე კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გააფორმა კონტრაქტი. შემსყიდველთაგან 55 შემთხვევაში აჭარის გზების დეპარტამენტი იყო, 29-ში – ბათუმის მერია, დანარჩენი კონტრაქტები კი ბათუმის მუნიციპალურმა შპს „სანდასუფთავებამ”, აჭარის მთავრობის შპს „გოდერძირეზორტსმა” და ბათუმის ბულვარმა გააფორმეს.

ჯამში კომპანიამ 100,900,362 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 72,775,884 ლარი (შემოსავლის 72%) უკონკურენტო ტენდერების, სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული შესყიდვების წილია:

„ბონდი 2009”-ის სარგებელი 2012-2021 წლების სახელმწიფო შესყიდვებიდან:

„ბონდი 2009”-მა და „მონოლითი 2005”-მა 2011-2021 წლების 167 სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, საიდანაც 82 შემთხვევაში შემსყიდველი ბათუმის მერია და მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის ა(ა)იპი, 55 შემთხვევაში კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია:

2018 წელს, ნუკრი დოლიძე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „ინვესტ ჯგუფის” მეწილე იყო. ამავე კომპანიის სხვა მეწილე, შოთა მიქელაძე „ქართული ოცნების” შემწირველია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან მმართველ პარტიას 50,000 ლარი გადაურიცხა. მიქელაძე არაერთ კომპანიაშია მეწილე და დირექტორი, მათ შორის ერთ-ერთმა, შპს „თ.ე.მ.”-მა 2013-2016 წლებში აჭარაში მოქმედი სახელმწიფო შემსყიდველებიდან 587,173 ლარი მიიღო, თანხის 86% – უკონკურენტო პირობებში.

ნუკრი დოლიძის შვილის, ლევან დოლიძის კარიერა საჯარო უწყებებში, ბიზნესინტერესები და არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაცია:

ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა ინფრასტრუქტურის საკითხებში.

2020 წლის 30 დეკემბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ლევან დოლიძე მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად დანიშნა. 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ლევან დოლიძეს არც წინა სამსახურში (მთავრობის თავმჯდომარის კონსულტანტის პოზიცია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) დარიცხული შრომის ანაზღაურება მიუთითებია, არც კუთვნილი ქონება და არც მისი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი.

ლევან დოლიძე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ფლობს ბათუმში მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე 2602 კვადრატულ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე აშენებულ სახლს.

რაც შეეხება კომპანიას, დეკლარაციაში მითითებულია, რომ დოლიძე, 4 პარტნიორთან ერთად, ფლობს კომპანიას „გრანდ მაისონი”. აღნიშული კომპანია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ფლობს 8,652 კვ. მიწის ნაკვეთს, სადაც მიმდინარეობს საცხოვრებელი და სასტუმრო აპარტამენტების Calligraphy Towers-ის მშენებლობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე დაცული მონაცემებით, კომპანია 2020 წლის აგვისტოდან აქტიურად ყიდის მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელ ფართებს, თუმცა ლევან დოლიძეს 2021 წელს წარდგენილ დეკლარაციაში, სადაც 2020 წელს მიღებული შემოსავალი უნდა წარმოედგინა, საცხოვრებელი ფართების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ მიუთითებია.

სამივე ზემოდასახელებული გარემოება არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

61,000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება ბათუმსა და ხელვაჩაურში

„მონოლითი 2005”-ისა და „ბონდი 2009”-ის სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებისა და შემოსავლების მიღების პარალელურად 2011 წლიდან დღემდე იზრდება მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, კომერციული და საცხოვრებელი ფართების რაოდენობა და მოცულობა. 61,463 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეები კომპანიები კერძო პირებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, უპირობო აუქციონებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან დადებული ნასყიდობის კონტრაქტების საფუძველზე გახდნენ.

სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოებიდან უძრავი ქონების მიღების პროცესი ცალკე შესწავლის საგანია, შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აპირებს ამ მიმართულებით კვლევა გააგრძელოს, ამჯერად კი წარმოგიდგენთ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის და მისი შვილის, ბათუმის მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორის, ლევან დოლიძის კომპანიების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალს:

რესტორანი „აჭარული სახლი”

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც დოლიძეებს უკავშირდება, შპს „კოლხური სახლია”, რომლის ბრენდული სახელწოდება რესტორანი „აჭარული სახლია”. ნუკრი დოლიძის ძმა, მამუკა დოლიძეა ამ კომპანიის მესაკუთრეც და დირექტორიც.

„ბონდი 2009”-ის მსგავსად, „კოლხური სახლიც” სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან  მონაწილეობს – ამ დროიდან დღემდე მასთან სარესტორნო მომსახურების გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს აჭარის მთავრობის სამინისტროებმა, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა – ჯამში 237,190 ლარი მიიღო მსგავსი ხელშეკრულებებიდან.

დასკვნა და რეკომენდაციები

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავესა და კორუფციული რისკების შესამცირებლად არსებული მექანიზმების სიმწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ამის მიუხედავად შემსყიდველ ორგანიზაციებს არ გაუუმჯობესებიათ კონკურენციის პირობები და, შესაბამისად, არ დაუზოგავთ საბიუჯეტო ხარჯები.

ნუკრი და მერაბ დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ  მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.

ლევან დოლიძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფრასტრუქტურულ საკითხებში მრჩევლად/კონსულტანტად დანიშვნამ ერთგვარად წაახალისა გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა რეგიონში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ეს საკადრო გადაწყვეტილებები არ ყოფილა გამოწვეული ადამიანური რესურსების სწორი მართვის აუცილებლობით – არც აჭარის მთავრობას და არც ბათუმის მერიას განუმარტავს ლევან დოლიძის ზემოდასახლებელ პოზიციებზე დანიშვნის აუცილებლობა და მიზნობრიობა, არც მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობებთან.

მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა იმ უკონკურენტო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად „მონოლით 2005”-სა და „ბონდი 2009”-ს მრავალმილიონიანი სახელმწიფო ხელშეკრულებები გაუფორმდათ;
  • ბათუმის მერიას, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მაქსიმალურად უზრუნველყონ კონკურენტული გარემო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ლევან დოლიძის მიერ 2021 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაცია და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნოს.