„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, ხელისუფლებას უნიათობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქი წელსაც ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება.
მისივე თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო და პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
„უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება 8 წელიწადია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა. ინფრასტრუქტურის რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენჯერ სამშენებლო კომპანია შეიცვალა იმიტომ, რომ უხარისხოდ აკეთებდნენ. თუ ზემოდან არ არის მითითება, მწვანე ანთებული, ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად უძლურია. ბევრი გადაცდომები იყო, 7 მილიონი დაიხარჯა და ერთი მილიონის გაკეთებულიც აღარ ჩანს. ეს არაერთხელ გამიპროტესტებია საკრებულოს სხდომებზე. პირველი მერი, რომელმაც ეს პროექტი დაიწყო დაიჭირეს და ვითომ გამოსავალი მონახეს, ხელი შეახოცეს.
4 წელი გავიდა მაგის შემდეგ და რა გაკეთდა? რამე წინსვლა აქვს ამ პროექტს? ცენტრალურ ხელისუფლებას ფოთისთვის არ ცალია. ადგილობრივი ხელისუფლება არ არის მომთხოვნი, არაფრისმაქნისია და ამიტომაც გაჭიანურდა ამდენ ხანს ეს პროექტი. ხალხზე არავინ არ ზრუნავს, შეიძლებოდა ამ პროექტს რაღაცა დადებითი მოეტანა, მცირეოდენი სამუშაო მაინც გამოჩნდებოდა ლუკმა პურის საშოვნელად. მერვე წელიწადია უკვე ეს პროექტი მიმდინარეობს და ჯერ კიდვ დასრულებიული არ არის, ყველანაირად გაუმართავია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.