ფოთში იერუსალიმისა და ფაზისის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე სრულდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაც

444

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია “ნიუპოვერი„ აწარმოებს.

ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციალიტეტში გზის მოასფალტების სამუშაოები 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ფოთის მერიის ცნობით, ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება.

“ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება. ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.