საია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

2140

საია-მ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია მიესალმება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მასში შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტით შეთანხმებული საკითხების დიდი ნაწილის ასახვას.

თუმცა, ამავდროულად, საია კანონპროექტის ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საია ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, საოლქო საარჩევნო კომისიაში პროფესიული წევრების ასარჩევად ცესკო-ს 2/3 უნდა განისაზღვროს. ამის საპირისპიროდ, კანონპროექტი პირველი წარუმატებელი კენჭიყრის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის აბსოლუტურ უმრავლესობამდე შემცირებას ითვალისწინებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საოლქო კომისიების კონსენსუსზე დაფუძნებული დაკომპლექტების პრინციპს.

შემოთავაზებული ცვლილებით, მკაცრდება ამომრჩევლის კონტროლის რეგულაციები და იკრძალება კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება და კენჭისყრის დღეს ამავე დისტანციაზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. საია მიიჩნევს, რომ ამ აკრძალვებს ეფექტიანობისთვის უნდა დაემატოს ამავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა.

საკრებულოების დაკომპლექტების შერეული საარჩევნო სისტემის პარალელური მოდელი ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის განწყობის წარმომადგენლობით ორგანოში სათანადოდ ასახვას და იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას. ამიტომ, საია-ს აზრით, შემოთავაზებული ვარიანტი უნდა შეიცვალოს დამოკიდებული მოდელით. ამ სისტემის შემთხვევაში სხვადასხვა პრინციპით მიღებული შედეგები ერთმანეთზე ახდენს გავლენას და მის პროპორციულობას უზრუნველყოფს.

საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ვადები გასაჩივრების ნაწილში მცირეა და უნდა გაიზარდოს.

საია მიიჩნევს, რომ საუბნო კომისია ვალდებული უნდა იყოს გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაშიც, როცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება დისბალანსი“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, უფრო დეტალურად, ამ და სხვა რეკომენდაციების ნახვა საია-ს მიერ მომზადებულ დასკვნაშია შესაძლებელი.