რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობა აქტიურად აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთი სწორედ არის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე სოფელ მუღანლოსთვის, სადაც დაახლოებით, ექვსი ათასი მოსახლეა. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის მოწყობა, ორი რეზერვუარის მშენებლობა. შედეგად განახლებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, 2022 წლის გაზაფხულისთვის, სოფელს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება მივაწოდოთ. კონტრაქტორის პროგნოზით პროექტი წინსწრებით მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, სამუშაოები ვადაზე ადრეც დასრულდება“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ალექსანდრე თევდორაძის განმარტებით კი წყლის მიწოდების პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა.
„წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემისა და მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით, 44 კილომეტრამდეა. დღეის მდგომარეობით, 15 კილომეტრი უკვე აშენებულია. ასევე, აქტიურ ფაზაშია ახალი რეზერვუარების მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს’’, – აღნიშნა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ.