ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა და დაგეგმილია, რომ სრულად იქნეს აღდგენილი, – ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია.
„ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა და დაგეგმილია, რომ სრულად იქნეს აღდგენილი, რაც მთავარია ეს უკვე საშუალებას მოგვცემს ცენტრალური ქუჩები უფრო განიტვირთოს სატრანსპორტო თვალსაზრისით და ზუგდიდში კიდევ უფრო კომფორტული გახდეს მოძრაობა. ამ ქუჩის შეკეთების გარდა წელსვე, ცენტრალურ ნაწილში არის დაგეგმილი კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც პრაქტიკულად წელს სრულად დაამთავრებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი თანამოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია“, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.