მომთაბარე მწყემსებს ახალციხის მთაში არ უშვებენ

441

საგარეჯოდან ჩამოსულ მწყემსებს ახალციხის მთაში არ უშვებენ. მესამე დღეა 1500 ცხვარი და 99 ძროხა სოფელ მინაძის მიმდებარედაა გაჩერებული. მწყემსები ურავლის გავლით ე.წ ნაღებას მთაში მიდიოდნენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, გადაადგილებაში ხელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„10 წელია ამ მთაში დავდივართ და ნებართვა არ დაგვჭირვებია.  3-4-დღის წინ ჩამოვედით, ოჯახის წევრები ავიყვანეთ მთაში დავტოვეთ და უკან იმისთვის წამოვედით, რომ ფარა და საქონელი წაგვეყვანა, ურავლის ხიდთან სასაზღვრო პოლიცია დაგვხვდა და აღარ გაგვიშვა. გვითხრეს, ჩამოიყვანეთ თქვენი ოჯახები და უკან  წადითო“, – ამბობს მწყემსი მახათარ გაჯიევი და ამატებს, რომ მთაში არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ დატოვებულები, რომლებსაც  მიხედვა სჭირდებათ: “ბავშვებს სიცხე აქვთ, ვერ ავდივართ”.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე მაშინ მივიდა, როცა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მწყემსებს მათთან ერთად  წასვლას სთხოვდნენ.

„ამათ უნდათ რომ წამიყვანონ მთაში, ოჯახს ხელი მოვკიდო და დავტოვოთ აქაურობა, არ წავყვები,“ – აცხადებს მახათარ გაჯიევი.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა მთაში საძოვრით სარგებლობის ნებართვა უნდა აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ „ჩვენ ვართ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები. ნაბართვა უნდა ჰქონდეთ, დანარჩენ ინფორმაციაზე მიმართეთ პრესცენტრს”.

მწყემსების თქმით, ტერიტორიით, სადაც ცხვარ-ძროხას აძოვებენ, ადგილობრივი ბიზნესმენი ოთარ თედორაძეა დაინტერესებული. ისინი ვარაუდობენ, რომ უარის თქმის მიზეზი, სწორედ მის სახელს უკავშირდება.

„ეს ყველაფერი თედორაძის ამბავია, მაგას უნდა მაგ ტერიტორიის ყიდვა. ადრე მითხრა მე მინდა ეგ ადგილი და რომ ვიყიდი შენ მანდ ვეღარ მიხვალო“, – ამბობს გაჯიევი.

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ოთარ თედორაძე. მისი თქმით,  ე.წ ნაღებას მთასთან არანაირი შეხება არ აქვთ და აღნიშნულ მწყემსებს არც იცნობს.

„მე რა შუაში ვარ?! სად მ  და სად ურაველი?! მე ასპინძაში ვარ და იქ მოვღვაწეობ. მოიყვანეთ ეგ კაცი და დამაპირისპირეთ, თუ მიცნობს სახეზე ვინ ვარ, ან ნაღებას მთასთან  მე რა შეხება მაქვს, ეგ მთა სადაა საერთოდ არ ვიცი. პოლიცია გამოიძახეთ და ცილისწამებაზე დაიჭირეთ. არასწორი ინფორმაცია მოვიდა თქვენთან. მე მაქვს ასპინძაში ჩემი საკუთარი მიწები და იქ ვარ, ახალციხის ტერიტორიაზე  არ მაქვს მიწა, არც მაგ პიროვნებას ვიცნობ’ – ამბობს თედორაძე.

როგორც მომთაბარე მწყემსები აცხადებენ, დახმარების თხოვნით ადგილობრი ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე კი ირწმუნება, რომ მასთან მსგავსი მოთხოვნი არავის მიუმართავს.

„მერიიდან არაფერი საბუთი სჭირდებათ. ჩვენთვის არავის მოუმართავს განცხადებით. შეიძლება სურსათის უვნებლობიდან არის გასაცემი ნებართვა, ეს ყველას სჭირდება იმისთვის, რომ გაირკვეს აცრილია თუ არა პირუტყვი, ან გატარებულია თუ არა რეგისტრაციაში. შეიძლება ამაზეა საუბარი. თუ იჯარის ხელშეკრულებაზეა საუბარი, მაშინ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ, შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტებში მერიებს მიწები აქვთ  და იაჯრით გასცემენ ხოლმე, ახალციხეს, ეს არ აქვს”, – განმარტა ზაზა მელიქიძემ.

რა დოკუმენტებია ნებართვის მისაღებად საჭირო და რომელ უწყებას უნდა მიმართონ, ამის გასარკვევად რედაქცია  სასაზღვრო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით.